ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

პატარა გენიოსი

პატარა გენიოსი
16-04-2021, 21:48
 
   

არამც და არამც ლიონელ მესის არ ვგულისხმობ(ლეოს გენიალურობას არ ვაკნინებთ)საუბარი რედ ბულ ლაიფციგის ჭაბუკ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანზეა.
ეს უდავოდ უნიჭიერესი სპეციალისტი პატარა ქალაქ ლანდბერგშია დაბადებული და უნივერსიტეტში ჯერ ბიზნესის მართვის,შემდეგ კი სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა.იულიანი თინეიჯერობის ასაკიდან იყო ფეხბურთით განსაკუთრებით დაინტერესებული და მიუნხენ-აუგსბურგის აკადემიებიც „მოილოცა“.
21 წლის ასაკში მუხლის ქრონიკული ტრავმის გამო სრულიად ნორჩ იულიანს კარიერის დასრულება მოუწია აუგსბურგში და მალევე ამ კლუბის ახალგაზრდული განყოფილების მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.
2014 წელს ჰოფენჰაიმთან ერთად მან 19-წლამდელთა ბუნდესლიგის მოგება შეძლო და 2 სეზონში მთავარ გუნდშიც დააწინაურეს,ზედიზედ ორჯერ მოახერხა და „სოფლელები“ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ზონაში შეიყვანა,თუმცა აქედან სამწუხაროდ მხოლოდ 2016-2017 წლებში გავიდა დასკვნით ეტაპზე,მეორე ჯერზე კი წინ იურგენ კლოპის მრისხანე ლივერპული აღუდგა,რომელსაც სულ მალე რობერტო ფირმინო მიჰყიდა.რაც მთავარია მისი გუნდი ლაღ,ლამაზ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებდა.
ნაგელსმანისდა საუბედუროდ მესამე სეზონში ჰოფენჰაიმის ზედმეტად მატერიალისტმა ხელმძღვანელობამ ლიდერთა დიდი ნაწილი უფრო ძლიერ კლუბებში გაასხვისა(თანაც საკმაოდ დაბალ ფასებად)რამაც სეზონის ცხრილის ქვედა ნაწილში დასრულება განაპირობა,იულიანმა კი დაკავებული პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.სერჟ გნაბრი,კერემ დემირბაი,ჰაავარდ ნორდტვეიტი,სანდრო ვაგნერი ეს ხსენებულ სეზონში გაშვებულ ლიდერთა არასრული ჩამონათვალია.
მას უმალვე მიუვიდა შეთავაზება მშობლიური ქვეყნიდან,თანაც ამჯერად მისი სამსახურით დაინტერესებული ჰოფენჰაიმზე ბევრად ამბიციური რედ ბულ ლაიპციგი გახლდათ.როგორც ინტერვიუში იულიანი ამბობს,ამ ოფერზე მას ბევრი არ უფიქრია და რედ ბულელებთან ხელშეკრულებას დიდი სიხარულით მოაწერა ხელი.
ნაგელსმანს ტემპი არც ახალ კლუბში დაუგდია,ლაიპციგისთვის შესაშურ შედეგებთან ერთად(სამივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური,2020 წელს ნახევარფინალში დასანანი მარცხი პარი სენ ჟერმენთან,სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა მიუნხენის ბაიერნთან ვერცხლის სინის დასაუფლებლად)უდიდესი ნეტარებაა მისი გუნდის მატჩების ცქერა,ბრძოლა და მუდმივად შეტევა-აი რა გახლავთ ხარების ჯეელი მესაჭის საფეხბურთო კრედო,თანაც უნდა ვაღიაროთ,რომ იშვიათუ გამონაკლისის გარდა არცთუ ტოპ-კლასის შემსრულებლებით.
33 წლის ბიჭისგან ეს არადაშტამპულობა და საკუთარი შემტევი სტილის ქადაგება კიდევ უფრო იმიტომაა დასაფასებელი,რომ წარსულის ლეგენდარული ვეტერანები-ანდრეა პირლო,ფაბიო გროსო,ფაბიო კანავარო და სხვები ზედმეტად ფრთხილი და დაცვითი ტაქტიკის მიმდევრები არიან.იულიანს თავისებური სავარჯიშო სისტემა და ინდივიდუალური პროგრამა აქვს შექმნილი ფეხბურთელებისთვის,რომელსაც გერმანულმა ბეჭდურმა(გაზეთი ბილდი)და სატელევიზიო(ტვ5)მედიამ სპეციალური გადაცემა მიუძღვნა.
დღესდღეობით ლაიპციგი ბუნდესლიგაში მეორე პოზიციას იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერ ბაიერნს 5 ქულით ჩამორჩება და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს,ევროსარბიელზე გამოსვლა კი სამწუხაროდ მერვედფინალში დაასრულა,სადაც ისევ იურგენ კლოპი და მისი ლივერპული გადაეღობა,თუმცა მანამდე ოდენ ჯგუფური ეტაპით დააკმაყოფილა მერსისაიდელთა მოსისხლე მტერი მანჩესტერ იუნაიტედი.
ერთი რამ ცხადია,რომ ლაიპციგი ბრწყინვალე გუნდია და მას ჰყავს გენიალური თავკაცი იულიან ნაგელსმანი,რომელიც თავის სიტყვას კიდევ მრავალჯერ აუცილებლად იტყვის.