ავტორი: ტატო ნიკურაძე

დინამოს ტრაგიკომედია – 10-17-0

დინამოს ტრაგიკომედია – 10-17-0
28-12-2020, 01:10
 
   

ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა, თბილისის დინამომ, რომან ფიფიას ხელმძღვანელობით ბოლო 10 წელიწადში 17 მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. გუნდმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. რაც ყველაზე სამწუხაროა, გუნდი შედეგს წლიდან წლამდე აუარესებს. მაგალითად, 2011 წელს დინამო ევროპა ლიგის ფლეი ოფში იყო და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა ათენის აეკთან, ბოლო წლებიდან გამომდინარე კი, ეს შედეგიც საოცნებო გაგვიხდა. ყველაფერი ფარერების კლაკსვიკთან სამარცხვინო მარცხმა დააგვირგვინა. ეს, უკვე ქართული ფეხბურთისთვისაც კი გაუგონარი სირცხვილია.

დინამო, სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით, კარგი ინფრასტრუქტურული და ფინანსური რესურსებით გამოირჩევა. ეს კი, ერთი შეხედვით იმის გარანტია უნდა იყოს, რომ კლუბი კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. მაშინ რაშია პრობლემა?! იქნებ გუნდის მენეჯმენტში? გასაგებია, რომ დინამო კერძო კლუბია და საზოგადოებასთან იმხელა პასუხისმგებლობა არ აქვს, როგორიც საჯარო სტრუქტურებს, მაგრამ დინამო ქართველი გულშემატკივრისთვის მეტია, ვიდრე რიგითი კერძო კლუბი. ბუნებრივია, გულშემატკივარს აზრის გამოთქმის უფლება აქვს. მაგალითად ა.წ. სექტემბერში სტუდია მონიტორმა ქართულ ფეხბურთზე ძალიან საინტერესო საგამოძიებო სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დინამო ბოლო წლებია წაგებაზე მუშაობს, და რომ არა სახელმწიფო დაფინანსება, ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებოდა, რაც, დაგვეთანხმებით, კარგ მენეჯმენტზე ნამდვილად არ მიუთითებს.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, რომ გუნდი წელიწადში, ფაქტობრივად, ორ მწვრთნელს იცვლის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელმძღვანელობის სისუსტეს და აჩვენებს, რომ კლუბში არ არსებობს მომავლის ხედვა, გზა, რომელსაც დინამო უნდა გაჰყვეს და ყველაფერი სპონტანურად და ქაოტურად კეთდება. ასეთ პირობებში კი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ალბათ გულშემატკივარს გაუჩნდება შეკითხვა – როცა მენეჯმენტი 10 წლის განმალობაში 17 მწვრთნელს იცვლის და შედეგი მაინც არ არის, ხომ არ მოვიდა დრო, რომ მან თავის პასუხისმგებლობაზეც იფიქროს და ყველაფერი მწვრთნელებს არ დააბრალოს.