ავტორი: ტატო ნიკურაძე

ხუციშვილი/ჩემოდანი/რკ.სადგური-თბილისი

ხუციშვილი/ჩემოდანი/რკ.სადგური-თბილისი
20-09-2020, 21:15
 
   

სამტრედიავ! სამტრედიავ! მუდამ მზიანო! სამტრედიელი ფეხბურთის გულშემატკივრები მხოლოდ ამის სიმღერით თუ ინუგეშებენ თავს და უკეთეს მომავალს დაელოდებიან, მაგრამ, ვაი რომ, ეს უკეთესი მომავალიც არ სჩანს.

ჯერ კიდევ 2016 წელს გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს ბრინჯაოს მედალი აიღო, 2018-ში კი, უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მართალია, გუნდმა პირველივე წელს მოახერხა ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება, მაგრამ ამას თუ კიდევ დაბრუნება ჰქვია?!

ეროვნული ლიგის 11 ტურში- 2 გამარჯვება, 3 ფრე და 6 მარცხი – ეს იმ გუნდის მონაგარია, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპონსორი ჰყავს და სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ყველაზე მეტად იაქტიურა.

ერთი სიტყვით, სამტრედიის კლუბის მუშაობაზე ვერც იმას იტყვი მომავალზე გათვლილ გუნდიაო და ვერც იმას, რომ ერთწლიანი პროექტია. კლუბს არანაირი გეგმა არ აქვს.

გუნდის მმართველი დირექტორი მიხეილ ხუციშვილი კი ამბობს, ცოტა მოითმინეთ და ყველაფერი დალაგდებაო. ალბათ, როგორც დინამოში დაალაგა „ნოტებზე“ ყველაფერი, ისე დაალაგებს სამტრედიაშიც. ბატონო მიხეილ ფრთხილად იყავით, თორემ სამტრედიელ ქომაგებთან ტყუილები არ შეიძლება.
სამტრედიაში მატარებლები ხშირად დადიან, სტადიონიც ახლოს არის რკინიგზის სადგურთან და ჩემოდანი მაინც ჩალაგებული გქონდეთ – მაინც, მზად რომ იყოთ გასაქცევად...