ავტორი: პატი მაჩიტაძე

სარკეში | 13 მაისიდან 24 სექტემბრამდე - 1981

სარკეში | 13 მაისიდან 24 სექტემბრამდე - 1981
1-10-2020, 08:10
 
   

ძალიანმარტივად შეგვიძლია, გავამყაროთ მრავალგზის გაცვეთილი ფრაზა და ცხოვრებას კიბის ფორმა მივცეთ, თუმცა 81-ში, ზღვა ემოციით დატვირთული ვიტალი დარასელია, რომელმაც თავად აჩუქა საკუთარ თავს, თბილისის დინამოსა და სრულიად საქართველოს ის ემოცია, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა იმას, რომ კიბის ცხოვრებისეული მექანიზმი თუნდაც მრავალი წლის შემდეგ მის საყვარელ გუნდზე ასე ცუდად აისახებოდა და თბილისის დინამო კიბეზე საკუთარი ჩასვლით მეთევზეთა ბანაკს გაუხსნიდა მომავლის კარს და მათი საამაყო ისტორიის პირველ ფურცელზე დაიდებდა ბინას.

არც ის არის გამორიცხული, რომ კლაკსვიკის ფრთაშესხმულ ისტორიაში მხოლოდ ეს ფურცელი დარჩეს, თუმცა ყოველ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებთ ამ პატარა კლუბს მომავალ ასპარეზზე.

81-მდე 25 იყო და ადამიანს წინასწარ რომ შეეძლოს ყველაფრის გაანალიზება, წინასწარ რომ შეეძლოს მომავლისგან წამოსული ბასრი დანების დანახვა, ვინ იცის, შეიძლება არც დაარსებულიყო თბილისის დინამო.


სარკეში | 13 მაისიდან 24 სექტემბრამდე - 1981

ბევრგან ვნახე იდენტური მოსაზრება, თითქოს ფეხბურთელების ბრალი არანაირი არ არის ამ სამარცხვინო მოვლენაში, თუმცა...


არ მინდა იმის დაჯერება, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც გულით დინამოს ლოგოს ატარებენ, არ იციან მისი წარსული, არ იციან მისი ისტორია.
სხვა თუ არაფერი, ვიკიპედიაში მაინც არ მოუძებნიათ თბილისის დინამო? დავიჯერო მათ თვალწინ წამით მაინც არ გადაშლილა ეს უდიდესი ისტორია? ნაპოლეონ ბონაპარტისაზე ოდნავ მცირე.

თუ არ იციან, მაშინ საერთოდ რა ესაქმებათ ამ კლუბში, და რომ იცოდნენ, მაშინ მათ საკუთარი მორალური საზღვები არ მისცდემდათ იმის უფლებას რომ 6 სამარცხვინო გოლი გაეშვათ ღვთისგან არც ისე სიმპატიით დაჯილდოებულ მიწაზე. ეს ფრაზა ისეთივე გაურკვევლობას ქმნის, როგორც თქვენს გულზე მყოფი დინამოს ლოგო.

საიდან უნდა დავიწყოთ? ქრონოლოგიურად, წარსულიდან დღევანდელ დღემდე მოსვლა არ მინდა, რადგან ეს კიდევ უფრო გამიმძაფრებს 24 სექტემბრისგან დარჩენილ იარებს.

სადამდე უნდა წავიდეთ? ალბათ იქამდე სანამ გულშემატკივარი ბოლომდე არ დაივიწყებს დინამოს.

მარცხი მომენატრა.

ბილბაოს ატლეტიკთან მომენატრა მარცხი და ათენის აეკთან. მინიმალური ანგარიში და სტუმრად გატანილი გოლი რომ ერთვებოდა საქმეში.

აბა გამარჯვება ჩვენთან რა მოსატანია.

დინამო მეცოდება. როცა დაფრინავდა, მაშინ ბოტორი ჩრდილოეთი ეკიდებოდა ფრთებზე და არ აძლევდა პოტენციალის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალებას. საქართველოს სიყვარულს არ აცდიდა.

თავისუფლები ვართ? ამ ქაოტურ თავისუფლებაში ფეხბურთელებმაც დაივიწყეს იმ მაისურის არსი, ტანს რომ უმშვენებთ.

"უბედურ დღეზე ვარ გაჩენილიო" იტყოდა დინამო შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ქართულ ფეხბურთს რა სჭირს? ეს ფეხბურთელები არიან დღეს Crystalbet ეროვნული ლიგის პირველ პოზიციაზე დინამოს რომ უწოდებენ საკუთარ თავს.
დავიჯერო, ისეთი სუსტია ქართული ფეხბურთი, რომ ფარერების ჩემპიონის დონის განმსაზღვრელადაც არ გამოდგება?

მოდი ფეხბურთელების აღზრდა წიგნებით დაიწყეთ. 2-2 გვერდი მიეცით ხოლმე პატარებს კითხვით და ნელ-ნელა გაააზრებინეთ დინამოს არსი.
დამიჯერეთ, ეს მეთოდი ივო შუშაკზე და დუშან უჰრინზე უფრო ეფექტური იქნება.

კონკრეტული სახელების ჩამოთვლა რად გვინდა?
კიდევ ერთი გაცვეთილი ანდაზა მახსენდება ურემზე და ფატალურ შემთხვევაზე.

წაქცეულზე წიხლის დაჭერას უნდა გადავეჩვიოთ, მაშინ უნდა ვეძიოთ პრობლემა, ყველაფერი რომ ფასადურად მშვენიერი ჩანს.

შენ კი ჩემო წაქცეულო ბატონო, აკადემია აკადემიაო, რომ გაიძახი. იზრუნე იმაზე, რომ აუტის სწორად მოწოდებამდე და გამართულ "ბაჩოკამდე" დინამოს ისტორია დაუკონსპექტონ ბავშვებს. სხვა თუ არაფერი შვილიშვილებისთვის მოსაყოლად მაინც გამოადგებათ.