ავტორი: ლევან ქობალია

თამაში, რომელიც ჩვენია - ანალიზი, ხარვეზები და გამოცდილება - ტატო ნიკურაძის შეფასება

თამაში, რომელიც ჩვენია - ანალიზი, ხარვეზები და გამოცდილება - ტატო ნიკურაძის შეფასება
6-12-2020, 22:43
 
   

BlogSport.Ge-ს ჟურნალისტმა, ტატო ნიკურაძემ შემოდგომის ერთა თასი შეფასა.

საკმაოდ სუსტი ტურნირი გამოვიდა საერთო ჯამში. არასანახაობრივი თამაშები იყო. სანახაობა და ცეცხლი, რის გამოც რაგბი გვიყვარს და ველოდით ვერ ვიხილეთ. საფრანგეთმა, უელსმა, ირლანდიამ ანუ ე.წ. "ბობოლებმა" ეს ტურნირი უფრო მოსამზადებელ, მეორეხარისხოვან ტურნირად ჩათვალეს და მანდამაინც დიდი მოტივაციით არ მიუდგნენ. საფრანგეთი საერთოდ მესამე შემადგენლობით თამაშობდა და კინაღამ მოიგო ტურნირი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩემი აზრით, ეს ტურნირი გამოცდილებისთვის და პროგრესისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებზეც უნდა აშენდეს ახალი საქართველოს ნაკრები. რამდენიმემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ მთლიანობაში "ბორჯღალოსნების" შემოდგომის ერთა თასზე გამოსვლით მე უკმაყოფილო ვარ. განსაკუთრებული პროგრესი მე ვერ დავინახე. შერკინებაში ძალიან დავიჩაგრეთ(მსაჯებს ნუ დავაბრალებთ). აქამდე ყველა ერიდებოდა ჩვენს შერკინებას და ახლა პირიქით ჯარიმის დროს, რამდემჯერმე თავად აირჩიეს შერკინება. დაცვის მოლიც საკმაოდ სუსტი იყო, განსაკუთრებით პირველ ორ თამაშში. რაქში ძალიან ვაგვიანებდით მიყოლას და ბევრი თერნოვერი გაგვიკეთეს. ასეთ გუნდებთან ეს არ გეპატიება. როდესაც ძლივს ბურთს მოიპოვებ და მეტოქის ხუთმეტრიანში შეაღწევ იქ დერეფანში "ახალი ველოდიპედის" გამოგონება არ არის საჭირო.

მე ვთვლი, რომ ამ რესურსითაც შეგვეძლო ამ ტურნირზე გაცილებით უკეთ გამოვსულიყავით, მაგრამ ლევან მაისაშვილს მოთამაშეთა სელექციას დავუწუნებ. ფაქტია, რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ამჟამად ნაკრებში თამაშობდა, არსებული ფორმით და სათამაშო ხარისხით არაა მზად ამ დონეზე სათამაშოდ. მოკლედ, ჯალაღონია,კვესელაძე, საღინაძე, ნინიაშვილი, აფრასიძე, აბჟანდაძე, ალანია- ამ ბიჭებს აქვთ პოტენციალი დიდი რაგბი ითამაშონ, მაგრამ ამ პოტენციალს სწორედ განვითარება/გამოყენება სჭირდებათ.

პირველ რიგში, გვჭირდება ახალი მწვრთნელი, რომელიც კარგად მოერგება ქართულ ხასიათს და ამ პოტენციალს სრულად აითვისებს. მაისაშვილმა ნაკრებში, ამ დროის განმავლობაში, შედეგი ვერ დადო.