ავტორი: ტატო ნიკურაძე

ტატო გრიგალაშვილი: მსურს, მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში შევიდე

ტატო გრიგალაშვილი: მსურს,  მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში შევიდე
15-01-2021, 18:32
 
   

„მირბის, მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი"- ეს სიტყვები გენიალური ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიალური ლექს „მერანიდანაა". ქართველებს გვყავდა „დიდი ტატო", ბარათაშვილს ტატოსაც ეძახდნენ, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში წარუშლელი სახელი დატოვა. ახლა კი, 21-ე საუკუნეში, კიდევ ერთი ტატო გამოჩნდა, ამჯერად სპორტში, ძიუდოში, რომელმაც, უკვე დიდ წარმატებას მიაღწია და მის შესაძლებობებს თუ გავითვალისწინებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

თავდაუზოგავ შრომას, მონდომებას და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამ სიტყვების ნათელი მაგალითია ტატო გრიგალაშვილი. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი 21 ბრძოლაა დაუმარცხებელია და მეტოქეს/მეტოქეზე ამარცხებს.

2020 წელს 81 კოლოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ლუკა მაისურაძე იყო, რომელმაც მინსკის ევროპულ თამაშებზე და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტატო გრიგალაშვილის შესახებ, მხოლოდ ძიუდოს გულშემატკივარმა თუ იცოდა, მაგრამ წლის ბოლოს „ჩვენი არსენა", როგორც მას ძიუდოს ქომაგებმა, ქართველი მსახიობის სპარტაკ ბაღაშვილთან მსგავსების გამო, შეარქვეს, ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. გრიგალაშვილმა ერთვიან მონაკვეთში ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი -23 წლამდელებსა და უფროსებს შორის. ამას კი, ტატომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მასტერსი მიაყოლა. ნამდვილი „გრიგალი" დაატრიალა ტატამზე და ჩვენს ქვეყანას 2021 წელს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

Blogsport.ge ტატო გრიგალაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

-ტატო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დოჰას მასტერსზე მოპოვებულ ოქროს მედალს. როგორ შეაფასებდით ტურნირს?


-დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ყველას ვულოცავ ახალ წელს. ბედნიერების, ქართული სპორტის წარმატებების და ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილოყოს 2021 წელი საქართველოსთვის. სანამ დოჰას მასტერსზე ჩემს გამოსვლას შევაფასებ, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო. რაც შეეხება, დოჰას მასტერსს, მასტერსი ეს არის ტურნირი, რომელზეც, მხოლოდ რეიტინგის უძლიერესი ძიუდოისტები ასპარეზობენ და მსოფლიო ჩემპიონატზე რთულიც კი არის მისი მოგება. ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის მივდივარ. ამ თავდაჯერებულობამ, გამარჯვების ჟინმა გაამართლა და ოქროს მედალი მოვიპოვე.

- ტატო, ერთი შეხედვით რაც ჩანდა, საკმაოდ მარტივად და ერთი ამოსუნთქვით მოუგეთ ყველა მეტოქეს. თქვენ რომელ მოწინააღმდეგეს გამოარჩევდით?

- რომელიმე მეტოქის გამოყოფა გამიჭირდება. ყველა ერთი დონის და ძალიან ძლიერი ძიუდოისტი იყო. ჩემი მწვრთნელების დახმარებით კარგად ვიყავი ტურნირისთვის მომზადებული და ყველა ბრძოლა ჩემთვის სასურველი სცენარით წარვმართე და შედეგმაც არ დააყოვნა.

- ცუდად არ გაიგო, მაგრამ, რეალურად, გასულ წელს თქვენს შესახებ ბევრმა არ იცოდა და მხოლოდ წლის ბოლოს მიღწეული წარმატებებით გახდით პოპულარული. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, რომ პოპულარული ვყოფილიყავი და ხალხს ჩემს შესახებ სცდონოდა. მე, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, თავდაუზოგავი შრომით მივაღწიო იმდენს, რომ ჩემი სახელი და გვარი მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩავწერო.

-[b]წონით კატეგორიაში, რომელშიც თქვენ ასპარეზობთ, ძალიან დიდი კონკურენციაა. 81-კგ-ში გამოდის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ლუკა მაისურაძე. ასეთ რთულ კონკურენციაზე რას იტყვით?


-ლუკა ძალიან კარგი ძიუდოისტია და მას დიდი მომავალი აქვს. ჯანსაღი კონკურენცია ყველასთვის კარგია. ეს ზრდის და მეტად პროფესიონალად აყალიბებს ყველა სპორტსმენს. მე და ლუკამ ვიცით, რომ ერთი ფეხის დაცდენაც არ გვეპატიება, რადგან გარანტირებული არცერთს არაფერი გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ მუდმივად საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.

-ტატო, სპორტსმენისთვის, ასე ვთქვათ, მთავარი ოლიმპი არის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2021 წლის აგვისტოში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება. როგორ ემზადებით ტოკიოს ოლიმპიადისთვის და იქ რას პირდებით თქვენს ერთგულ გულშემატკივრებს?

- ოლიმპიური თამაშების მოგება ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. ჯერ გარანტირებული არ მაქვს, რომ ოლიმპიადაზე მე წავალ. ამისთვის, კიდევ ბევრი ბრძოლა მომიწევს, მაგრამ ტოკიოში წასვლის შემთხვევაში, ყველას ვპირდები მხოლოდ ოქროს მედლისთვის ვიბრძოლებ.

- ბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა ძიუდოისტებს?


- ცნობილი ინგლისური გამოთქმაა-Never give up-არასდროს დანებდე. სპორტსმენის გზა ძალიან რთულია და ბევრი დაბრკოლება გხვდება, მაგრამ რამდენჯარაც წაიქცევი, ყოველთვის უფრო ძლიერი უნდა წამოდგე და ოცნებისკენ ბრძოლა გააგრძელო.